საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეცნობა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პრეზიდენტის გვერდზეა აღნიშნული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ უბანზე ხმა მისცა, იგი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურსა და ხაშურში აკვირდებოდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ახლა საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა.
„მინდა, რომ ეს ისტორიული დღე ყველგან საკუთარი თვალით ვნახო. ხალხი ძალიან აქტიური და მხნეა. ახლა ქუთაისში პოლიციელი შემხვდა, რომელსაც 100 000 აშშ დოლარს სთავაზობდნენ, რომ გაყიდულიყო. მან მითხრა, რომ ამ შემთხვევაში, ის ოჯახსა და ხალხს უღალატებდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველები ასეთი ხალხისგან შედგება - ის არ იყიდება და არაფერზე იცვლება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი არჩევანი #19 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

















