საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე არაბულ სახელმწიფოთა ლიგის დამკვირვებელთა დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანაძე შეხვდა ყატარის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომიტეტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
შეხვედრაზე მხარეებმა მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელმა დამკვირვებლებმა ბოლო პერიოდში საქართველოში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს გაუსვეს ხაზი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ დამკვირვებელთა ფართო სპექტრის მოწვევა მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების წინაპირობად შეაფასეს.
ქართულმა მხარემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს მთავრობის მიწვევაზე გამოხმაურებისთვის მადლობა გადაუხადა.
არაბულ სახელმწიფოთა დელეგაციას ლიგის გენერალური მდივნის თანაშემწე სამირ ალ-კასირი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ეგვიპტის, ლიბანისა და ერაყის წარმომადგენლები შედიან.

















