კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, არჩევნები ხაშურის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანში დარღვევებით მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარღვევების შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ სოფელ ოსიაურის 29-ე საარჩევნო უბნიდან შევიდა, სადაც საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტი სცემეს.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ჟურნალისტს და ოპერატორს კომისიის თავმჯდომარე იმედა ლაცაბიძე ფიზიკურად გაუსწორდა, თავდასხმაში მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუხუტი ბუცხრიკიძეც, რომელიც საარჩევნო უბანზე ყოველგვარი დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა.
ამასთან, ინციდენტის შედეგად ერთ-ერთმა ამომრჩეველმა სხეულის დაზიანება მიიღო.
პრესსპიკერის თქმით, ხაშურის 45-ე უბნიდან გამოუშვეს ვიდეოკამერა და „ქართული ოცნების“ წევრს გადასატანი ყუთისთვის ძალით აგზავნიდნენ, ასევე, ფანჯიკიძის განცხადებით, 29-ე უბანზე ფუნქციების გადანაწილების დროს 5-ჯერ ჩაშალეს პროცედურები, ვიდრე გადასატანი ყუთი კოალიციის წარმომადგენელს არ შეახვედრეს.
„გამოაძევეს კამერა და დამკვირვებელიც. შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. ანალოგიური ფაქტი განხორციელდა ხაშურის 48-ე უბანზეც. ვიდეოკამერების გამოგდებისა და კოორდინატორების გამოძევების ფაქტი დაფიქსირდა 46-ე, 48-ე და 50-ე უბნებზე“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ დამკვირვებლების უბნიდან გამოშვების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო მიზეზი გარკვეული პროვოკაცია, ზეწოლა და სამკერდეების არ ქონაა.

















