საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა
ჩიორა თაქთაქიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თაქთაქიშვილი აცხადებს, კოალიცია „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უბანზე მიწვევის კამპანია კანონდარღვევის სახით წარმოაჩინოს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ვინაიდან პროცესი გამჭვირვალეა და სწორედ ეს გამჭვირვალობა არის ის, რითაც ჩვენ ამ პოლიტიკური გუნდისგან გამოვირჩევით“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, ამომრჩეველთა მიწვევის კამპანია კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
„კონკრეტული ზომების პარალელურად, ჩვენს მომხრეებს არ აცვიათ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები. მიუხედავად ამისა, გვაქვს შემთხვევები, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს ერთიდაიგივე ტიპის საქმიანობას. კერძოდ, ნაძალადევის 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნებზე, ჩუღურეთის რაიონის მე-7-ე ოლქის რამდენიმე უბანზე, ასევე, 75-ე უბანზე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი პარტიის ლოგოიან მაისურს ატარებს და მათი წარმომადგენლი ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს. ისინი ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ 41 ნომერი უნდა შემოხაზონ“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთის მე-7-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გიული ღვანია სცემეს. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.

















