ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კვლავ განმარტავს საარჩევნო ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის არსებული განსხვავების მიზეზებს.
როგორც კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი ზოგიერთი მოქალაქე, საზღვარგარეთ იმყოფება და ამის თაობაზე სიაში მინაწერი არსებობს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ბიულეტენების ნაწილი გაგზავნილია განსაკუთრებულ შემთხვევებში შექმნილ უბნებზე. აქედან გამომდინარე კი, ნათელია რატომ ფიქსირდება განსხვავება.
დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, ბიულეტების მკვეთრად მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.

















