კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.
როგორც მან დღე „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში ბრიფინგზე განაცხადა, კოალიციის დამკვირვებლები და კომისიის წევრები, სხვადასხვა უბანში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდიან.
პრესსპიკერის ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა ფოთში, ასპინძაში, გორსა და რამდენიმე სპეცუბანზე.
პრესსპიკერის განცხადებით, ასპინძის #6-ე უბანში სოფელ თოკში ექვსი კონვერტით ნაკლები მიიტანეს. ამავე, უბანზე კომისიის თავმჯდომარე ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევს.
მისივე ინფორმაციით, ასპინძაში სოფელ აწყვიტას #3-ე უბანზე სამი ყალბი პირადობის მოწმობა იქნა აღმოჩენილი, ასევე, ამავე უბანზე გარეთ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები იმყოფებიან და ხალხს აშინებენ.
ფანჯიკიძის თქმით, ასპინძის #3-ე უბანზე გრძელდება ყალბი პასპორტებით ხმის მიცემა, სადაც 19-მა დამკვირვებელმა უბანზე შესვლა ვერ მოახერხა.
ასევე, მისი თქმით, დარღვევებია #20-ე უბანზე, სადაც გარეთ გაურკვეველი პირები მანქანებით დგანან და ამომრჩევლებს საწერ კალმებს ურიგებენ, გამოსვლისას კი, უკან ართმევენ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, ასპინძაში ყველაზე დიდ, #4-ე უბანზე ერთდროულად 10 ამომრჩეველს უშვებენ.
„ადგილზე უკვე ავიდნენ საოლქოს წარმომადგენლები და სავარუდოდ, განცხადებას დაწერენ უბნის დახურვაზე. აღნიშნულ უბანზე გავუშვით თითქმის ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ
მისივე ინფორმაციით, პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს ფოთის საარჩევნო უბნებშიც, რამდენიმე უბანზე მარკირების პრობლემაც დაფიქსირდა.

















