საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევები დააფიქსირა.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაცია არჩევნების მიმდინარეობას თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისი თქმით, დღის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა.
„საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული; 116-ე სპეცუბანსა და გლდანის #77-ე უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია; საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91-ე სპეციალურ უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ; საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევაა; მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

















