საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჰოლანდიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო
დამკვირვებლის სტატუსით, ეროვნული არქივის შენობაში განთავსებულ 26-ე საარჩევნო უბანზე მონიტორინგი განახორციელა.
ნორლანდმა ჟურნალისტებისთვის განცხადებაც გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგი იმ დიდ ინტერესზე მიუთითებს, რომელიც აღნიშნული პროცესის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.
მისი თქმით, არჩევნების შედეგები ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, დღევანდელ არჩევნებზე კი, ნამდვილ კონკურენციას აქვს ადგილი.
„განცხადებებისა და პროგნოზების მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. შედეგები თითოეული ქართველის ხმაზეა დამოკიდებული“ - განაცხადა ნორლანდმა.
ამასთან, ის იმედოვნებს, რომ დარღვევებს ადგილი არ ექნება, მაგრამ თუ ისინი მაინც დაფიქსირდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„ყველას სურვილია არჩევნებში სარწმუნო შედეგების მიღება. ყველა მხარის ლიდერმა დაგვარწმუნა, რომ ისინი სარწმუნო პროცესის შედეგებს პატივს სცემენ და თავიანთ მხარდამჭერებს მოცემული შედეგების პატივისცემისკენ აქტიურად მოუწოდებენ“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ ქართველი ხალხი ამას ელოდება და იმსახურებს კიდეც.
აშშ-ს ელჩი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისკენ მოუწოდებს, ვიდრე შედეგების დათვლა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასება არ მოხდება.

















