საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელ ლორნ კრანერს და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ სტუმრებს ბიზნესცენტრი დაათვალიერებინა, რის შემდეგაც საუბარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ამერიკელ სტუმრებთან საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ გარემოზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დელეგაციასთან მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული შეხვედრებით შეუძლია შეაფასოს, რომ ყველა ყველაფერს ხედავს.
„სიტუაცია აბსოლუტურად გადატეხილია. რა თქმა უნდა, არავინ მეუბნება, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი ვარ, მაგრამ დამოკიდებულება ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს - უკვე მომავალ მთავრობას ხვდებიან. ეს ევროპელებსაც და ამერიკელებსაც კარგად აქვთ გაგებული, ამიტომ შემთხვევით არაფერი ხდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინდელ „ქართული ოცნების“ აქციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ძალიან დიდი პრევენცია იყო იმისთვის, რომ „მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღეს რაიმე ახალი სისულელე არ გააკეთოს“.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებზე დარღვევებს ვერ შეძლებს, რადგან მისი ჯგუფი დაშლილია და გამყალბებლების სისტემა არ იმუშავებს.
ლორნ კრანერის განცხადებით, დელეგაციას ძალიან აინტერესებს თუ როგორ გადაწყვეტს ქართველი ხალხი თავის მომავალს.
„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილები ვართ. ასევე, მივუთითეთ, რომ არჩევნების შედეგები უნდა ვაღიაროთ, რადგან ამ არჩევნების მიზანი დემოკრატიული კონსტიტუციის შენებაა, რაც ქართველი ხალხის დასახმარებლად საუკეთესო საშუელებაა“ - განაცხადა კრანერმა.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ლორნ კრანერი, კონგრესმენები - დევიდ დრაიერი, კეი გრანგერი და IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი სტეფან ნიქსი ესწრებოდნენ.

















