"მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ცალკე მუხლი ჩაიწერება.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის განვითრებაზე ზრუნავენ, კანონის დღევანდელი რეგულაციაც არ ზღუდავს, თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული კითხვები.
"ჩვენი მიზანია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ამიტომ ,კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება. კერძოდ, მათ კანონის ფარგლებში მოქმედების დროს არანირი შეზღუდვები არ შეეხებათ", –განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს და ამის თაობაზე განმარტებები მისცეს.
ამასთან, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მისი დავალებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გასულ კვირას არასამთავრობო სექტორს შეხვდა, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა.
"ცვლილებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ კანონის მთავარი მიზანი არ დაზიანდეს. იმედი მაქვს, არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციებით რაციონალურ და კონკრეტულ შედეგამდე მივალთ," –დასძინა ბაქრაძემ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს გარკვეული შენიშვნები აქვს. კერძოდ, ისინი ყადაღის დადების წესს, შემოწირულობის საკითხს და "დაკავშირებულ პირს" შეეხება.

















