საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს და წალკის რაიონებში იმყოფებოდა.
თეთრიწყაროს რაიონში პრემიერ-მინისტრი მეღორეობის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსი საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციით შენდება. ფონდის და კომპლექსის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საშუალებით ხორცის და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის ჩანაცვლებაზე.
მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, თეთრიწყაროს მეღორეობის კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სრული დატვირთვით დეკემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და წელიწადში 1 500 ტონა ხორცს აწარმოებს.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი წალკის რაიონის სოფელ დარაქოიში, ფერმერ ბესო ჯობავას მეურნეობაში 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესილი კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. მოსავლის აღება სპეციალიზირებული კარტოფილის ამკრეფი კომბაინით განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული კომბაინით მოსავლის აღება 1 ჰექტარზე 600-700 ლარის ნაცვლად, 350 ლარი ჯდება. სულ საქართველოში მსგავსი ტიპის 6 ერთეული კარტოფილის ამკრეფი კომბაინია.

















