საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დღეიდან, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20.00 საათამდე, არჩევნებთან დაკავშირებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
რაც შეეხება საარჩევნო აგიტაციას, კოდექსის თანახმად, ის უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევო უბანზე იკრძალება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-ში განუმარტეს, არჩევნების დღეს, ასევე იკრძალება სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება.
ცესკო-მ არჩევნებისთვის მზადება უკვე თითქმის დაასრულა და როგორც კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილ ვადებში არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.
1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე ტარდება. არჩევნებისთვის შექმნილია 71 ე.წ სპეციალური უბანი,
კერძოდ, ცესკოს ცნობით, მსგავსი ორი უბანი გახსნილია საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი - სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და პოლიციაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები წელს პიველად არჩევნების დღეს სპეციალურ ფორმებში იქნებიან ჩაცმული, რაც ცესკო-ს ცნობით, მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი იქნება.
საარჩევნო კომისიების წევრების ფორმები ცესკო-ს სიმბოლიკის ფერებში - მწვანესა და თეთრშია გადაწყვეტილი.

















