საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ფოთში აღდგენილი საკათედრო ტაძარი მოინახულა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა აღდგენილი ტაძარი არის ფოთის აღმშენებლობის დასაწყისის სიმბოლო და ის არჩევნების შემდეგ საზეიმოდ ეკურთხება.
მისივე თქმით, პოლიტიკა უზნეობაა, თუ ის არ ემსახურება ხალხის ინტერესებს.
„მე მწამს ერთი პოლიტიკის, იმის კი არა, რომ ვიღაცამ ვიღაცა გალანძღოს, ვიღაცამ თავისი ისტერიკა მოაწყოს ან თავისი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. პოლიტიკის ერთადერთი გამართლება არსებობს მაშინ, როდესაც ქართულ ოჯახებს აქვთ უკეთესი მდგომარეობა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ თბილისში გამართულ შეკრებაზე დაინგრა ის მითი, თითქოს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურს არ აქვს ძალიან სერიოზული დასაყრდები დედაქალაქში.
„შეკრებაზე რეგიონებიდან ძალიან ცოტა ხალხი ჩავიყვანეთ, სიმბოლურად 300-400 ადამიანი, მაქსიმუმ 1000-1500. სტადიონზე ძირითადად თბილისელები იყვნენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს იყო გრანდიოზული შეკრება.
მისი თქმით, ფოთის ბედს ყოველთვის წყვეტდა ერთი კლანი, რომელიც არ იყო წარმოშობით ფოთიდან.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას სჭირდება ის ხალხი, ვინც „სისხლს გვიშრობს თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახისა თუ ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დასცვის მიზნით“ და არა ისინი, ვინც პარლამენტში ყელს მოიღერებს და ნიშნის მოგებით ისაუბრებს.
„მაგრები ვართ მაშინ, როცა ჩვენი ხალხი იქნება მაგრად“ - დასძინა პრეზიდენტმა.

















