საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთიანი ხელმძღვანელობა ჰყავს.
როგორც პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებაზე განაცხადა, ყველა ხარვეზისა და ნაკლოვანების მიუხედავად, საქართველო უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე 8 წლის წინ იყო.
მისი თქმით, ის, რაც გამოსასწორებელია უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს წარსულში და არანაირ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არ იყიდება და მის ოკუპაციას ვეღარავინ მოახდენს.
„საქართველოში ამდენი ფული შემოაგდეს და ყოველდღიურად ამდენ პროვოკაციას აწყობენ. ჩვენი საზღვრების შიგნით ტანკები „დაჯლიგინებენ“. ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაზე ასობით მილიონი დაიხარჯა. უამრავი სხვა პრობლემა მოაწყვეს - აფეთქებები, ემბარგო, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, მაგრამ საქართველოს თავისუფალი სული ვერ გატეხეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი ერია აღმშენებელი და არა ცალკეული პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, თითოეული ქართველი საკუთარი ხელებით აშენებს ახალ საქართველოს.
„რა თქმა უნდა, იდეალურები არ ვართ და ბევრი ნაკლოვანებები გვაქვს, რადგან ადამიანები ვართ. ყველას შეიძლება რაღაც გამოეპაროს, მაგრამ როდესაც ერთამანეთს ხელს ჩავკიდებთ, ყველაფერი გაკეთდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში მოღალატე ლიდერებიც ყოფილან, რომლებსაც მტრისთვის საკუთარი ქვეყანა ჩაუბარებიათ, მაგრამ დღეს საქართველოს ერთიანი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც ქართველების ინტერესებს არასდროს დათმობს.

















