კოალიცია „ქართული ოცნების“ კრწანისის შტაბის წევრი ლევან მინაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებაზე“ კომპრომატების შეგროვებას ავალებდნენ.
როგორც დღეს მინაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ სოზარ სუბართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას ვინმე შოთა, რომელიც მათი შეფასებით, სავარაუდოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელია, ხვდებოდა და კოალიციის მხრიდან ხალხის მოსყიდვებზე ვიდეოჩანაწერების გაკეთებას ავალებდა, მათ შორის პოლიციელების მოსყიდვებისა.
„მათთან უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის განადგურებით მემუქრებოდნენ. არ ვიცი ვინ არიან ზუსტად. სავარაუდოდ, კუდი-ს თანამშრომლები მემუქრებოდნენ. როცა ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვიყავი და დაცვის თანამშრომლებსაც ვიცნობდი, მაგის გამო დამაშინეს“ – განაცხადა მინაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას თავიდან ემუქრებოდნენ და შემდეგ უკვე დავალებებს აძლევდნენ.
„მეუბნებოდნენ, თუ კარგად მოიქცევი და ჩვენზე იმუშავებ პრემიები, ხელშეუხებლობა და სამსახური გექნებაო. დავთანხმდი, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ“ – აღნიშნა მინაშვილმა.
მინაშვილის თქმით, სწორედ მასზე იყო დავალებული „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიციელის მოსყიდვის იმ ფაქტის წარდგენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სატელევიზიო ეთერში.
„შეთავაზების თანახმად, კოალიციის სახელით უნდა მივსულიყავი და ის თანამშრომელი მომესყიდა. შემდეგ მასალა მათთვის გადამეცა და ციხეში ჩავმჯდარიყავი. ამის სანაცვლოდ, პრემიის სახით 10 ათასს მივიღებდი“ - განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, მას ვინმე შოთამ, რომელსაც უშუალოდ ეკონტაქტებოდა დღეს ვიდეოკამერა დაუმაგრა და კოალიციის კრწანისის შტაბის ხელმძღვანელთან ზაზა კაპანაძესთან საუბრის ჩაწერა დაავალა, რომელსაც მინაშვილი აქციაზე ფულის სანაცვლოდ ხალხის მიყვანას შესთავაზებდა.
„მათი დავალებით კაპანაძესთან უნდა მივსულიყავი და შემეთავაზებინა, რომ 29-ში დაგეგმილი მიტინგისთვის 15 ლარად ხალხს მივიყვანდი. ზაზასთან უნდა შევსულიყავი და თანხა მომეთხოვა იმ ხალხისთვის მისაცემად, რომელსაც მიტინგზე მივიყვანდი“ - განაცხადა ლევან მინაშვილმა.
მისივე თქმით, მას მსგავს დავალებებს თვენახევარია აძლევენ, მაგრამ არცერთი ჩანაწერი არ გაუკეთებია და რადგან დავალებები არ შეასრულა, შურისძიების მიზნით მისი ლიკციდაცია სურთ.
ლევან მინაშვილმა პრესკონფერენციაზე ის მოწყობილობაც წარადგინა, რომელიც აღნიშნული დავალების შესასრულებლად მას დღეს გადასცეს.
მინაშვილი იმ პატარა ბავშვის მამაა, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ დროს „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე პატარა გმირი უწოდეს.

















