საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დღეს ისე ახლოა ევროკავშირთან და ნატო-სთან, როგორც არასდროს.
როგორც პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა, საქართველოს უკან დაბრუნება იმ პირობებში, როდესაც რუსეთი მის ტერიტორიაზე ჩასაფრებულია, „მოუსვლელში მიბრუნებას ნიშნავს“.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მალე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება და ქართული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში შევა. მისივე თქმით, 2014 წელს ნატო-ს გაფართოების სამიტი იმართება, რომელზეც საქართველო ერთ-ერთ პირველ კანდიდატადაა დასახელებული.
„ერთ ხელის გაწვდენაზე ვართ სამშვიდობოზე გასასვლელად“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი სოციალურ თუ ჯანდაცვის სფეროში. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ააშენა, მაგრამ აუცილებელია, საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებელი ასეთი იყოს.

















