პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძე შვეიცარიის, საფრანგეთისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უკვე შეხვდა.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს, რომლებიც ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა.
„საუბრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში“-აღნიშნავს პრესსამსახური.
ბურჯანაძემ ელჩებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ხედვა გააცნო და საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
გარდა ამისა, გასული დღეების განმავლობაში ბურჯანაძემ შეხვედრები ევროკავშირის, ჩეხეთის, გერმანიის, ლიტვის, იტალიისა და საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან გამართა.

















