საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროს ესტუმრა, სადაც „ქოჩების ტბის“ დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება.
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, „ქოჩების ტბის“ კომპლექსი არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი, არამედ ხალხის დასაქმების საშუალებაცაა.
„ჩვენი მიწის ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს და ის ჩვენს ხალხზე უნდა ვამუშაოთ“-განაცხადა პრეზიდენტმა.
ის დედოფლისწყაროელებს დაპირდა, რომ იქ უახლოეს ხანებში ბუნებრივი აირი შევა, რომლის მოხმარება ადგილობრივებს იმაზე ნაკლები დაუჯდება, ვიდრე თხევადი გაზი ღირს, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავადმყოფოებს და სკოლებს, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას სახელმწიფო დააზღვევს.
მისივე თქმით, „ქოჩების ტბა“ ვინმეს კერძო საკუთრებაში არ იქნება.
„ეს იქნება თქვენთვის. აქ იქნება თქვენი ბულვარი, თქვენი ცენტრი, თქვენი საცურაო აუზები, კაფეები, რომელსაც თქვენ გახსნით ჩვენ მიერ მოცემული კრედიტებით “-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, დედოფლისწყარო ტრადიციულად გაჭირვებული რეგიონია, მაგრამ გაჭირვება „მემკვიდრეობითი არ არის“ და ის მალე დასრულდება.
პრეზიდენტი საქართველოში უკანასკნელ ხანებში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარეშე მტერს სურდა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს „ჩოქმბჯენში ჩააგდება“, მაგრამ „ჩოქმბჯენიდან გამოსავალი მოწინააღმდეგის ბეჭებზე დადებაა“.
„ამ დღეებში ზუსტად ეს მოხდება - ჩვენ უნდა დავდოთ ბეჭებზე გაჭირვება, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ყელა ქართულ ოჯახს მოვუტანოთ სარგებელი“-აღნიშნა მან.

















