საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია, ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს,
რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს და წარმომადგენლებს ეხება, ფაბრიკაციას და ჭორაობას უწოდებს.
როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და მას ისღა დარჩენია, რომ იჭორაოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პროდიუსერს მიხეილ სააკაშვილს ფანტაზია ამოეწურა. ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი რუსეთის კადრია. თუმცა, ამის დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ახლა ახალი თემა შემოიტანეს ქურდებთან დაკავშირებით. ეს კადრები არის სრული ფაბრიკაცია და ამით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის საშინელება და სისასტიკე, რაც პატიმართა წამების შესახებ ვიხილეთ“-განაცხადა ქანთარიამ და დასძინა, რომ მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, მათ ვერ შექმნეს საზოგადოებრივი განწყობა.

















