კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს აკრიტიკებს.
როგორც მან ტელეხიდში „ხაზზეა საქართველო“ განაცხადა, მერაბიშვილზე რამდენჯერმე კომპლიმენტი წარსულში იმის გამო თქვა, რომ ის თავის გუნდში სხვებთან შედარებით დაბალანსებული იყო.
ივანიშვილის შეფასებით, უკვე მერაბიშვილმაც „დაკარგა თავი და ძალიან ბევრ სისულელეს ამბობს“.
„ვანოსნაირები ჩვენ გუნდში მე-20 ადგილზეც კი არ არიან, მისნაირები ჩვენ არ გვყავს. ჩვენ გაცილებით ნიჭიერი კადრები გვყავს და ძალიან მალე ნახავთ როგორ მოემსახურებიან ისინი საქართველოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის გამონათქვამებს „მხედრიონის“ დაბრუნებაზე, მხოლოდ ირონიით უყურებს.
„ოდესღაც ის პოლიციიდან გამოაგდეს და ახალაიამ დაიჭირა მისი ადგილი. ახლა ახალაია გათავისუფლებულია და მოხდა ისე, რომ ვანო დაბრუნდა პოლიციაში. მან დაიწყო პოლიციის მართვა და უნდა აჩვენოს რა მაგარია და როგორ ჯობია ახალაიას“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ შედეგად, კოალიციის 60-მდე აქტიური მონაწილე დააპატიმრეს, ხოლო პოლიციის უფროსებს ამისთვის კონვერტებით ფულს უგზავნიან.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, ხელისუფლება თავის ძველებურ სტილს აგრძელებს.
„ახლა ვანო ვაჟკაცობს. საუბარი უჭირდა და ახლა ვიღაცას უსწავლებია მისთვის. მაგრამ ისიც ესწავლებინათ, რომ ცოტა ჭკვიანური აზრები გამოეთქვა. მას შემდეგ რაც საუბარი ისწავლა, ასეთი რამ თქვა - მხარი დაგვიჭირეთ, თორემ მოვა ეს გაუგებარი კოალიცია და ციხეებში ვინც აწამებდა, მათ მოიყვანს ხელისუფლებაშიო. არ ვიცი ახლა ვანო გვისმენს თუ არა, მაგრამ იქნებ საუბართან ერთად ისიც მოახერხოს, რომ ასეთი სისულელეები არ თქვას და თავი სასაცილოდ არ გაიხადოს სააკაშვილივით“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ვანო მერაბიშვილმაც კარგად იცოდა და სხვებთან ერთად, პასუხი მანაც უნდა აგოს.

















