კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კოალიციაში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება.
როგორც მან ტელეხიდში - „ხაზზეა საქართველო“ განაცხადა, მოსახლეობა ხელისუფლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი, თითქოს, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ლიდერი იღებს.
მისი თქმით, საქართველოს ერთპიროვნული მმართველი უკვე ჰყავს და იგი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
„უკვე არის ასეთი კაცი, ვინც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, მან დაანგრია და მიწასთან გაასწორა ქვეყანა. იგი აზრზე არ არის მართვის, მენეჯმენტის. როგორც ბავშვი ისე ექცევა და ეთამაშება ჩვენს ქვეყანას და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“ - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სრულიად განსხვავებული ტიპის მმართველობა ექნება, რადგან გუნდში საინტერესო ადამიანები შეიკრიბნენ.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება კოალიციაში კონსენსუსის, მსჯელობისა და კამათის შედეგად მიიღება და მხოლოდ ჯანსაღი აზრი იმარჯვებს.
„მე კარგად ვიცი რა არის მენეჯმენტი და სწორედ ეს არის წარსულში ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი. მოვიყვან ძალიან სწორ გუნდს, სწორად გადავანაწილებ ძალაუფლებას, სწორად მოვთხოვ. ძალიან მალე ნახავთ, როგორია სწორი მმართველობა და ჯანსაღი ხელისუფლება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

















