კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობს.
ამის შესახებ მან ტელეხიდში „ხაზზეა საქართველო“ მონაწილეობისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, ამას ემსახურება ის აუდიოჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა.
კოალიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი პირადი დაცვის წევრი ბესო სურმავა აუდიოჩანაწერებთან კავშირში არაა და ის ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული და გამოქვეყნებული მასალაა.
„ბესო სურმავა ძალიან კარგი ადამიანია. მე ჩემი დაცვის წევრებთან ვმეგობრობ და ყველა შოკშია. დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაწერთან ის არაფერ შუაშია. ეს გაკეთებულია ხელისუფლების მიერ და ცდილობენ ჩემი გუნდის წევრები გადაკიდონ ერთმანეთს. თუმცა, ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამასთანავე, ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
მისივე თქმით, სურმავა მის დაცვაში ბოლოს ორი დღის წინ მორიგეობდა, ხოლო მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა ხელისუფლება არამხოლოდ ფარულ მოსმენას ახორციელებს, არამედ სოციალურ ქსელ „ფეისბუქსაც“ აკონტროლებს.
„შეუძლიათ ყველას გაუგზავნონ ვირუსი და ინფორმაცია მოიპოვონ. ჩემს ოჯახშიც მოხდა ასეთი რამ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

















