არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს,
რომ სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებს აიძულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე დასწრებას.
როგორც მჟავანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოსამსახურეებზე და კერძო სტრუქტურებში - „თბილისის წყალის“, „ყასტრანსგაზის“, „თბილისის მეტროპოლიტენის“ და ა.შ მომუშავე პირებზე ზეწოლას ახორციელებს და სამსხურის დატოვებით ემუქრება, თუ შეკრებაზე არ მივლენ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „უფლებადამცველთა გაერთიანებაში“ არაერთი ზარი და მიმართვა შევიდა.
მჟავანაძის განცხადებით, შეკრებაზე ხალხის მისაყვანად 50-50 კაციანი ჯგუფებია შექმნილი და შეკრებაზე დასასწრებ ხალხს აღნუსხავენ.
„ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ადამიანის უფლებების ხელყოფა და მოსახლეობაზე ძალადობა. ვეჭვობ, ასეთი ხერხებით სტადიონზე მისულმა ხალხმა მმართველი პარტიის მიმართ მსგავსი „ერთგულება“ 1 ოქტომბერსაც გამოიჩინონ“ - განაცხადა მჟავანაძემ.
როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ წარმომადგენელმა თეა ასათიანმა განაცხადა, მაშინ როდესაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრებით მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საქართველო მსოფლიოს თვალში დააკნინოს და ისე აჩვენოს, თითქოს ქართველი ხალხი შეძრწუნებული არ არის და მმართველ პარტიას ტაშს უკრავს.
მისი თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს და ამას 1 ოქტომბერს დაინახავს.

















