ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცნობეს, მისიაში, რომელშიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შედის, აშშ-ის კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ყოფილი დიპლომატები და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონალური ექსპერტები არიან.
მისიას ხელმძღვანელობენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ნიუ-იორკიდან გრეგორი მიკსი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი, განვითარების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და NDI-ის პრეზიდენტი კენეთ უოლაკი.
მათივე ცნობით, დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია, ხოლო ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დგას.
ინსტიტუტი საზოგადოებას საარჩევნო პროცესში ფართო და კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობასა და მნიშვნელობას ქართველი ხალხი განსჯის.
NDI საქართველოში პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 1994 წლიდან მუშაობს.
თბილისში დელეგაციის წევრები კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, ასევე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დელეგაცია ივნისში პოლიტიკური გარემოსა და საარჩევნო სამზადისის შესაფასებლად ჩამოსული NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის და აგვისტოს დასაწყისიდან ქვეყანაში მყოფი NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების ანალიზს დაეყრდნობა.
წინასაარჩევნო დელეგაციის წევრები იყვნენ - მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰან, სემ გეჯდენსონი, პერ ეკლუნდი, კენეთ ვოლაკი და ლუის ნავარო.
თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან.
არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ.

















