უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის მოსაზრებით, ბიზნესმენ ბიძინა
ივანიშვილს პუტინთან კარგი კონტაქტების გამო, შესაძლებლობა აქვს რუსულ "კაგებეს" სუკ-ის არქივების დაბრუნება სთხოვოს.
ამის თაობაზე ნუგზარ წიკლაურმა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს.
წიკლაურის თქმით, თავის დროზე, ამ დოკუმენტების ნაწილი რუსებმა საქართველოდან გაიტანეს.
"კარგი იქნებოდა სრულყოფილი ბაზები არსებობდეს. ივანიშვილის პუტინთან არსერბული კონტაქტების გათვალისწინებით, მას შესაძლებლობა აქვს რუსულ "კაგებეს" საარქივო მასალის დაბრუნება სთხოვოს. თუ ივანიშვილს საქართველოსთვის დახმარება უნდა, მას ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია" , – განუცხადა "ნიუსპრესს" ნუგზარ წიკლაურმა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, წუხილი იმაზე, რომ ლუსტრაციის კანონის გამო, სუკის და კომპარტიის მაღალჩინოსნები შეიძლება პოლიტიკურ სივრცეში ვერ მოხვდნენ, ბევრ რამეზე მიანიშნებს. კერძოდ, მისი თქმით, ივანიშვილის ძირითადი დასაყრდენი კომუნისტური, პოსტკომუნისტური, შევადრნაძისეული ელიტაა.
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო, მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია.
"ამ მიზეზით რთულდება როგორც შესაბამისი ბრალდებების წაყენება, ისე თავის მართლებაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს", - განმარტავს ბიზნესმენი.

















