საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა საფრანგეთის სასამართლოს მიმართავს.
როგორც ხაინდრავამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, საქართველოს საკანონმდებლო ნორმებს გასცდა, მან გადაწყვიტა ფრანგულ სასამართლოს მიმართოს.
მისი თქმით, დღეს იგი საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილეს შეხვედა და საფრანგეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში შეხვედრა ითხოვა.
ხაინდრავას თქმით, ხელისუფლება მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერორს ახორციელებს და წაყენებული ბრალდებები ფალსიფიკაცია და ცილისწამებაა, რაც, მისი აზრით, უკავშირდება მის ახალ ფილმს „დემოკრატიის შუქურას“.
საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ კი, ხაინდრავა დაკითვაზე დაიბარეს. მეორე დაკითხვა კი, ხვალაა დაგეგმილი.

















