უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია წინასაარჩევნოდ სამართალდამცავებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
როგორც ბოკერიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია საერთო ჯამში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ბოლო დღეების განმავლობაში, ინციდენტები დაფიქსირდა, რომელიც აშკარად მუქარას შეიცავდა.
ბოკერია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ კანონის ფარგლებში ყველაფერი გააკეთონ ძალადობის აღსაკვეთად და ამასთანავე, მოუწოდებს მათ შეძლებისდაგვარად გამოიყენონ მსუბუქი სასჯელები, მაგალითისთვის მან ჯარიმა მოიყვანა. მისი თქმით, ეს არის უწყებათაშორისი კომისიის მკაფიო რეკომენდაცია.
ასევე, კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდებს, მკაფიო გზავნილი გააკეთონ თავიანთი მხარდამჭერების და აქტივისტების მიმართ, რათა არ მოხდეს ძალადობის ფაქტები ან ძალადობის შემცველი მუქარა და მათი წახალისება.
“რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობის შენარჩუნებაზე და ასევე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება. თუმცა, ძირითად პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავიანთი წილი სერიოზული პასუხისმგებლობისა, თუ რა ტიპის წახალისებას მოახდენენ თავიანთ მომხრეებში“-განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ერთის მხრივ სიმშვიდეზე საუბარი და მეორეს მხრივ იმის თქმა, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი ხალხი შეიძლება ლინჩის წესით გასამართლდეს.
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ბოლო დღეებში 30-მდე ადამიანია დაკავებული და არიან დაჯარიმებულებიც.

















