იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის დაბრუნების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში განიხილა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, მხოლოდ გაუგებრობა იყო.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოლაპარაკებას და მუშაობას საჭიროებს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას 25 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

















