კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს.
მისი თქმით, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და კუდ-ის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩაწერილი მასალები დაამონტაჟეს.
„ეს არის სისულელე და სრული ფაბრიკაცია. მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილი, უგულავა, მერაბიშვილი და კუდ-ის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და მასალები, რაც უკანონოდ ჰქონდათ ჩაწერილი, დაამონტაჟეს. ამაზე მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. დამთავრებულია მათი საქმე, პირველ ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება. უკანონო თვალთვალის, უკანონო ჩაწერების ყველა საქმე გამოძიებული იქნება და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“- განაცხადა ალასანიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ ფარულ აუდიომასალას ავრცელებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ქართველი კანონიერი ქურდების ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის დეტალები და მათი კავშირები ცაკლეულ პოლიტიკოსებთან.
მათი ინფორმაციით, 2012 წლის 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი, რომელიც მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მისი ამოცანა იყო მის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შემდეგი ჩანაწერები კი, ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერ კახი კალაძეს და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს.

















