საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც კრიმინალები ამომრჩევლების ხმების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მობილიზებაზე საუბრობენ.
პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, მთავარი მოქმედი პირია კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი, რომლიც, შსს-ს ინფორმაციით, 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს.
ერთ-ერთ ჩანაწერში ხიზანიშვილი უკავშირდება გივი ბლიაძეს და ემუქრება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არ იმოქმედოს.
მეორე აუდიოჩანაწერის თანახმად, ვოვა ერემიანი ესაუბრება კრიმინალურ ავტორიტეტს ლევან რევიშვილს და ეუბნება, რომ ხიზანიშვილის მიერ დავალებული საქმე, რაც სხვადასხვა უბანში ამომრჩევლის ხმებზე მუშაობა იყო, წარმატებით შეასრულა და „ყველა ოცნებას აძლევს ხმას“.
მესამე ჩანაწერში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან რევიშვილი უკავშირდება ზაზა ჯიმშიტაშვილს და ეუბნება, რომ ხიზანიშვილისთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს და ხმები „ქართული ოცნებისკენ“ გადაქაჩოს.
მეოთხე ჩანაწერი ასახავს იგივე რევიშვილის საუბარს უცხოეთში მყოფ პირთან, რომლის ვინაობა პოლიციის მტკიცებით, დაუდგენელია და ეუბნება მას, რომ ხიზანიშვილს სურს „პავლოვიჩთან“ საუბარი, რომელიც პოლიციის განმარტებით ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილია.
ჩანაწერში რევიშვილი ეუბნება დაუდგენელ პირს, რომ ხიზანიშვილმა „პავლოვიჩის“ დავალება შეასრულა.
პოლიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მისი ამოცანა იყო მის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით, დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

















