„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ფალსიფიკაციას უწოდებს შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს,
სადაც ის უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას რუსეთში დაკავებული ქუთაისელი ქურდის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქურდებთან კავშირი მას არასოდეს ჰქონია.
„თანამედროვე ტექნოლოგიები მოგეხსენებათ როგორიც არის, ნებისმიერი ხმა შეიძლება ჩაიწერო“-აღნიშნა სანიკიძემ.
ამასთან, ის ადასტურებს, რომ ვალერი ხაბურძანია მისი მეგობარია, მეგობრებზე კი, უარს არასდროს ამბობს.
„ხაბურძანია რა კრიმინალია, დამნაშავეა თუ რა არის? მე რამდენადაც მახსოვს, ის „ვარდების რევოლუციის“ გმირი იყო. ეს არის სისულელე, სიბრიყვე“-აცხადებს სანიკიძე.
მისივე თქმით, ხაბუძანიასთან „სკაიპის“ საშუალებით ინტენსიური ურთიერთობა აქვს, თუმცა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არ დაკონტაქტებია.
შსს-მ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები დღეს გაავრცელა. გარდა სანიკიძისა, მასალა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კალაძის საუბრების ჩანაწერებსაც მოიცავს, რომლებიც, უწყების მტკიცებით, კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირს ადასტურებს.

















