კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის პრესმდივნის ოთარ ჩრდილელის შეფასებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც კახა კალაძისა და ე.წ კანონიერი ქურდების კავშირს ეხება, ზღაპარია, რომელიც კალაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარგა ხანია დაიწყო.
როგორც ჩრდილელმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ხელისუფლებას სურს „შეთითხნილი ზღაპრებით რეალობა გადაფაროს“.
კალაძის პრესმდივანი აცხადებს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული მასალა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ტვინში „მოხარშული ამბებია“.
„დიახ, თავის დროზე კალაძე იცნობდა ქურდებს და ჰქონდა მათთან ურთიერთობა - ესენი იყვნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი“-აცხადებს ჩრდილელი.
მისივე განმარტებით, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერებები „სისულელეა“ და სერიოზულ კომენტარს არც იმსახურებს.
„ვინ იცის, ეს შუშანაშვილი იყო და თუ ვინ იყო საერთოდ? მაგათ რამე ჰქონოდათ და ამ დრომდე შემოინახავდნენ? ადრე იმასაც ამბობდნენ, კალაძე ქურდებს შეხვდაო - ხან მონაკოში, ხან მილანში, ხან ნიცაში. ვერ გაერკვნენ, სად დადის ეს ადამიანი და რას აკეთებს. ქურდები თავისთან მოიკითხონ - მიხეილ სააკაშვილმა ტარიელ ონიანი და გივი თარგამაძემ -ვატო ყიფიანი. ქურდებთან კავშირი მაგათ აქვთ, თუ აქვთ“-აღნიშნა
ჩრდილელმა.
შსს-მ დღეს გაავრცელა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც უწყების ინფორმაციით, კახი კალაძე „კანონიერ ქურდებს“ ესაუბრება.
„ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და 8 კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი“-განმარტეს შსს-ს წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

















