საქართველო ვლადიმერ პუტინისგან სასიამოვნო მოულოდნელობებს არ ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს პუტინთან ურთიერთობების დიდი გამოცდილება აქვს.
"რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მისი ოფიციალური დაბრუნება მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩვენი საქმის კეთება უფრო მეტი ინტენსივობით უნდა გავაგრძელოთ, მათ შორისაა ნატოში ინტეგრაციის და ევროპასთან დაახლოების პროცესი. არ უნდა დავუშვათ რუსული პოლიტიკური ინტერესების გატარება საქართველოში, მათ შორის შიდა ოპოზიციის დახმარებით", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს აღებული კურსი და ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია განავითაროს.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დემოკრატიით, რეფორმებითა და განვითარებით საქართველო იყოს რუსეთზე წინ. ეს იმ გამოწვევების გასაღებია, რაც პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში იარსებებს", - აღნიშნა ბაქრაძემ

















