„დემორატიული მოძრაობა“ გმობს ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებაზე გარკვეული შეზღუდვები წესდება.
როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი რეგულაციები ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე არჩვევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ახალი წესები ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლად მოპოვების საშუალებასაც აბრკოლებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო კრება“ წლების მანძილზე აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებასთან დიალოგს და შეთანხმების მიღწევასაც კი არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება პირველსავე მისთვის საჭირო და ხელსაყრელ მომენტში დაარღვევს ნებისმიერ პირობასა და შეთანხმებას“-ნათქვამია პარტიის განცახდებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ცესკო-ს მიერ დაწესებული ახალი ნორმებით ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებისთვის „ხელ-ფეხი გაიხსნა“, ვინაიდან ვიდეოკადრები დაგეგმილი გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები იქნებოდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს იტოვებს, რომ ქართული ობიექტური მედიასაშუალებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზოგადოებისთვის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდებით, მოძებნიან გამოსავალს იმისთვის, რომ ყველა უბანზე თუნდაც ერთმა ვიდეოკამერამ იმუშაოს უწყვეტ რეჟიმში.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ადექვატურად შეაფასონ ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუარესება და მიიღონ ზომები არსებული უსამართლობის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად“-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

















