საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-თან საუბარში "მიშელის
დოკუმენტის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადგან ოპოზიცია უარს არ ამბობს დესტრუქციულ დღის წესრიგზე, მმართველი პარტია არათუ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდება, არამედ უახლოეს მომავალში ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ რაიმე სახის შეთანხმება გაფორმდეს.
"ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, წავედით რიგ დათმობებზე და ეს ყველაფერი გავაკეთეთ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არ შესრულდა მიშელის დოკუმენტის მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა, რაც რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ რაიმე შეთანხმებას. უფრო მეტიც, რადიკალებთან შეთანხმებას კატეგორიულად გამოვრიცხავ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.