საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიქტორ ორბანი თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა.
პრემიერ-მინისტრი აეროპორტიდან გმირთა მოედანზე გაემგზავრება, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დღის მეორე ნახევარში იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივა.
ასევე, დაგეგმილია მისი შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის მეორე დღეს სტუმარი ქუთაისის აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი მორიგი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების გზაზე.

















