პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური
საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული სიღრმისეული ანალიზით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელზეც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ექვსთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დააფუძნა, იყო სიცრუე და არ ემყარებოდა არავითარ მტკიცებულებებს:
პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგები იყო სიყალბე;
8-პროცენტიანი მეტობის დისბალანსი იყო სიყალბე;
განცხადებები არჩევნების წინასწარი შედეგების დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო სიყალბე;
ბრალდებები უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოსყიდვის, ზეწოლისა და მუქარის, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლის შესახებ იყო სიყალბე;
საუბარი დაუბალანსებელი ოქმების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო სიყალბე;
საუბარი ბათილი ბიულეტენების არასტანდარტული რაოდენობის შესახებ იყო ასევე სიყალბე.
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ შემთხვევაშიც გაექცა დისკუსიას არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: ამ პარტიებმა იმთავითვე ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი კამპანია არჩევნების გაყალბების შესახებ იყო წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ისახავდა მიზნად.
გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება" პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს:
საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა;
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გართულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა;
ორი მოსმენით მივიღეთ კანონი ამნისტიის შესახებ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დავუტოვეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და შესაბამისად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვან აღსრულებაში;
განვახორციელეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, არსებითად გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოვიღეთ საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლის გარანტია, დავაწესეთ 100-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო და ა.შ.;
დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ;
19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, თავი შევიკავეთ არსებული წესების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისგან, „დავაპაუზეთ" პროცესი, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების მიხედვით გადავსინჯეთ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე ავირჩიეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
დავიწყეთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო;
არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობებს ოპოზიციას შემოდგომაზე გავუნაწილებდით, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა.
„ქართული ოცნების" კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედების მიუხედავად, ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ, ოპოზიციონერი პარლამენტარების უმრავლესობამ დღემდე არ მოაწერა ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იყო.
როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე, ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლარიზებული პოლიტიკური მოცემულობის ორ სხვადასხვა პოლუსზე დგანან „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". როდესაც ამ ორი პარტიიდან მხოლოდ ერთს აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, ბუნებრივია, პოლარიზაცია ვერ შემცირდება და მითუმეტეს, ვერ დასრულდება.
იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური ელექტორალური მხარდაჭერა, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის, ბუნებრივია, საკმარისი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გასული 100 დღის განმავლობაში, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმომწერმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა განახორციელეს ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გამართეს შეხვედრები სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ამავე პერიოდში, საქართველოს ესტუმრნენ შარლ მიშელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. თუმცა, ამ ფონზეც კი, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უარი თქვა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე. გარდა ამისა, შეთანხმების ხელმომწერი ერთ-ერთი პარტია - „ლელო" უხეშად არღვევდა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის მან მხარი არ დაუჭირა შეთანხმებით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება" 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ პარტიებმა თვეების მანძილზე არ აიღეს კარვები რუსთაველის გამზირიდან. ამასვე ადასტურებს ის ამორალური და აგრესიული კამპანიაც, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მისივე კუთვნილი ტელევიზიების საშუალებით „ქართული ოცნების" წინააღმდეგ დღემდე აწარმოებს.
რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა.
ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს.
19 აპრილის შეთანხმებამ, მოკლევადიან პერსპექტივაში, პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის.
თუმცა, დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.
ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.
ამ ვითარებაში, „ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება.
19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს:
ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება: სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება და მიიღება;
შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება;
ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ.
და ბოლოს, რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება" ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული.
სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის.
თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას ჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის" - ნათქვამია განცხადებაში.