პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ა(ა)იპ
„მოძრაობა სამართლიანი მედიცინის" (ზურაბ ბაბუნაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების განსაზღვრასა და გაცემის პირობებს ეხება, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.
„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები იქნა გაცემული, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგოც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. საკანონმდებლო წინადადება კარგია, შინაარსობრივი თემით გამართული, მაგრამ არავითარი გათვლა არ ახლავს, ამიტომ ვფიქრობ უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება ყველა უწყება, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მზადაა თანამშრომლობისათვის, ასევე ფინანსთა სამინისტრო. ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვ ჩაერთონ. ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.