პარლამენტის დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
კომიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა. ღია მმართველობის საბჭომ გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის არის ადამიანის უფლებაა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან მიმართებაში ცალკეული საკითხების დაზუსტება და დახვეწა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით.
„საუბარია სამუშაო ჯგუფის ფორმატზე, რომლის მეშვეობითაც იქნება განხილული როგორც მიმდინარე და წლიური ანგარიში, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა", -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
დღესვე კომიტეტმა იმსჯელა „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე" თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს წარუდგინოს ინფორმაცია წლის განმავლობაში შესრულებული მოქმედებების შესახებ, ხოლო პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია პროცედურები, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა.
„ცალკეული დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში არსებობს უზუსტობები, რაც საჭიროებს თემატურად კარგად შესწავლას", -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თემატური მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორ დაიხვეწოს ეს პროცესი.