საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას თურქეთში საქართველოს კონსულის გელა ჯაფარიძის თანამდებობიდან წასვლის
შესახებ, თუმცა, უწყებაში გადადგომის მოტივებს არ ასახელებენ.
როგორც გელა ჯაფარიძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მან თანამდებობა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებზე პროტესტის ნიშნად დატოვა.
ჯაფარიძის განცხადებით, წლების განმავლობაში, ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვეყნდებოდა არაერთი დასკვნა, სადაც ლაპარაკი იყო პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, პატიმართა მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე და პატიმრების სიკვდილიანობის ზრდაზე, მაგრამ ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები არ მიიღო, რამაც სისტემაში სრული განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს კონსულისთვის, რომელიც წლების განმავლობაში პირნადთლად ვასრულებდი ჩემს უპირველეს მოვალეობას და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის თურქეთში ქართველ პატიმართა უფლებებს განუხრელად ვიცავდი, ყოვლად მიუღებელია საკუთარ სამშობლოში პატიმართა მიმართ ასეთი არნახულად ვანდალური დამოკიდებულება“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბოლო სამი დღის განმავლობაში მას იმედი ჰქონდა, რომ პატიმართა წამებაში დასახელებული ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, თუმცა, ეს არ მომხდარა.
„სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებ მომხდარ დანაშაულებს, გამოვხატავ სოლიდარობას უფლებაშელახული პატიმრების მიმართ და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

















