„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა, რომელსაც საქართველოს პროკურატურა საფრანგეთიდან მიღებული
მასალის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებს, საფრანგეთის მთავრობასა და ელჩს მიმართავს.
ხაინდრავა წერილის გაგზავნას, ასევე, გეგმავს პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის სახელზე.
როგორც ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, იგი საფრანგეთის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მიერ არის დაჯილდოვებული.
„თუ რაიმე სახის ეჭვები გაჩნდა ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით და კრიმინალურ სამყაროსთან ჩემი კავშირის თაობაზე, რატომ არ დამისვეს კითხვები. მით უმეტეს, რომ მას შემდეგ საფრანგეთში ორჯერ ვიყავი“ - აღნიშნა ხაინდრავამ და განმარტა, რომ საქართველოს პროკურატურის განცხადება, თითქოს, მასალა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან მიიღო, არასწორია. მისი თქმით, მან მოასწრო გაცნობოდა საფრანგეთიდან საქართველოში მოსულ ფაქსს და გაარკვია, რომ გამომგზავნი არა ჟანდარმერია, არამედ ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც მონიტორინგს უწევს კანონიერი ქურდების გადაადგილებას.
„მე ოფიციალურად მივმართავ საფრანგეთის ელჩს და ვთხოვ განმარტებებს. გარდა ამისა, მე ხვალ ოფიციალურად მივმართავ ჟანდარმერიასაც და მოვითხოვ გამომზეურდეს ამასთან დაკავშირებით იქ არსებული ყველა დოკუმენტი“ - განაცხადა ხაინდარავამ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის საფრანგეთში ჩავა ან საქართველოში საფრანგეთის საელჩოში მივა და ნებიმიერ კითხვას პასუხს გასცემს.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, მან საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან მიიღო ვიდეომასალა, რომელშიც გოგა ხაინდარავა ფიგურირებს. მასალაში საუბარია იმაზე თუ როგორ შედგა კანონიერ ქურდსა და გოგა ხაინდარავას შორის შეხვედრა. მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას თქმით, მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც სახელმწიფოში დესტაბილიზაციასა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას ისახავდა მიზნად. პროკურატურამ მასალა მასმედიას გადასცა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარა.

















