„ამომრჩეველთა ლიგაში“ აბსურდულს უწოდებენ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალას, რომლის მიხედვით, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი
გოგა ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად შეთქმულებას გეგმავდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, წარმოდგენილი მასალა არის ერთი ფოტოსურათის ირგვლივ გამოგონილი ისტორია, ხოლო ფოტოსურათი, ჩიკვაიძის ვარაუდით, დამონტაჟებულია.
ჩიკვაიძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად იმყოფება ამ წუთებში გოგა ხაინდრავა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგა ხაინდრავას პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს.
მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან მიიღებული ვიდეომასალა, რომელშიც გოგა ხაინდარავა ფიგურირებს. მასალაში დეტალურადაა საუბარი იმაზე თუ როგორ შედგა კანონიერ ქურდსა და გოგა ხაინდარავას შორის შეხვედრა. საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას თქმით, მასალების მიხედვით, ქართველი ოპოზიციის წარმომადგენლისა და კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც მიზნად სახელმწიფოში დესტაბილიზაციასა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას ისახავდა მიზნად.

















