საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ხელისუფლება
„ქართული ოცნების“ 11 მხარდამჭერის დაპატიმრებას აპირებს.
როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ წევრების დაპატიმრება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა, დღეს ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა.
მისი თქმით, დაკავებებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი 21 სექტემბერს სოფელ კოჭმაანის შტაბის წევრის შმაგი ბერიძიშვილის დაკავებაა, რადგან მისი დაკავების ფაქტი ვიდეოზეა გადაღებული.
„კოჭმაანში ამომრჩევლთან შეხვედრას ვმართავდი, რომელსაც ბერიძიშვილიც ესწრებოდა. პატარა ბავშვი მივიდა, „ქართული ოცნების“ მაისური ითხოვა, „ნაცმოძრაობის“ მაისური გაიხადა და ის ჩაიცვა. შემდეგ მისი ნათესავი გოგო მოვარდა და აღნიშნულ ფაქტი გააპროტესტა. ინციდენტი ამით ამოიწურა. შმაგი ბერიძიშვილს მეორე დღეს ბავშვის დედის ახსნა-განმარტების საფუძველზე აკავებენ, თითქოს ბერიძიშვილმა ბავშვზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინა“- განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მოსამართლემ ბერიძიშვილს 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა იმ ფაქტისთვის, რაც არ მომხდარა. მოსამართლემ კი, დედის სასამართლოზე დაკითხვაზე უარი განაცხადა.
ხიდაშელის განცხადებით, დღეს დილით ასევე, დააკავეს საარჩევნო შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი. ის ავტოგასამართ სადგურზე აიყვანეს.
მისივე თქმით, დაკავებულები არიან იორმუღანლოდან საარჩევნო კომისიის წევრები - ნათიკ რასულოვი და ივანე თალიევი.
„მათი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ორ უბანზე კომისიის წევრი აღარ გვეყოლება. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ 11 ბიჭის დაკავება იგეგმება. სია მაქვს ნანახი შსს-ს საგარეჯოს განყოფილებიდან გამოტანილი, რომელშიც ისინიც არიან, ვინც უკვე დაკავებულია და კიდევ 11 პიროვნება“ - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ყველა დანაშაულზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ განხორციელდება, პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გია ჩალათაშვილს ეკისრება.

















