ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება
სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა ჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში.
„ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს - კახა კალაძეს" - განაცხადა კობახიძემ.