საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი გორში გიორგი ხახაშვილისა და ლადო სუჯაშვილის
ცემის ფაქტს ე.წ „ზონდერების“ ხელმძღვანელებს რეზო და ვანო კალომლეწავებს უკავშირებს.
როგორც სუბარმა ბრიფინგზე აღნიშნა, სამი დღეა ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებზე და ფაქტიურად ომზე გადავიდა.
მისი თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციამ „ქართული ოცნების“ 60-ზე მეტი მხადამჭერი და წვერი დააკავა.
სუბარის განცხადებით, დაკავებულები ძირთადად საუბნო კომისიის წევრები არიან.
„ყველგან ერთი და იგივე ბრალდებაა. ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ზოგიერთ უბანზე კომისიის ორი-სამი წევრია დაჭერილი. ვიცით, რომ ამ დროისთვის კომისიის წევრების შეცვლა შეუძლებელია ამიტომ მათ სურთ, რომ კომისიის წევრების გარეშე დავრჩეთ“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ ზონდერებისგან დაპატიმრებების გარდა, ცემის ფაქტებიც ფიქსირდება.
სუბარის განცხადებით, გუშინ გორში ნიღბიანმა ადამიანებმა „გალფის“ ავტოგასამრთ სადგურთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გიორგი ხახაშვილი და ლადო სუჯაშვილი სცემეს.
სუბარის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან პირდაპირი კავშირი აქვთ რეზო და ვანო კალომლეწავებს.
„ვანო კალომლეწავი ყოფილი პოლიციელია. ახლა კი, დაცვის სამსახური აქვს, ხოლო რეზო პოლკოვნიკია და ამჟამად, შსს-ში, თბილისის ძარცვა-ყაჩაღობის სამმართველოში მუშაობს“ -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ცემის დროს მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი ნიღბებში იყვნენ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეში მათ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.
სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხადამჭერებზე განხორციელებული დევნის ფაქტებზე ინფორმაცია უწყებათაშორის კომისიას გადაეგზავნა, ხოლო კალომლეწავების საქმის გამოძიება გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა.

















