პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტები დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ
სხდომაზე განიხილეს.
„საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 31 სხდომა. საქართველოს პარლამენტის 52 ოპოზიციონერმა წევრმა არასაპატიო მიზეზით გააცდინა გამართული სხდომების ნახევარზე მეტი, რაზეც იმსჯელა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.
„პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება" არც ერთი მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. იგივე მიდგომა გვექნება დღეს, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით, რომელთაც შეტანილი აქვთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, თუ ეს დეპუტატები მომავალშიც შემოიტანენ განცხადებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მათ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა დეპუტატების: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, დავით ბაქრაძის, ლევან ბეჟაშვილის, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველის, გიორგი გოდაბრელიძის, რომან გოცირიძის, ხატია დეკანოიძის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, აბდულა ისმაილოვის, მანუჩარ კვირკელიას, ვახტანგ კიკაბიძის, დავით კირკიტაძის, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნიკა მაჭუტაძის, ვახტანგ მეგრელიშვილის, აკაკი მინაშვილის, შალვა ნათელაშვილის, ტარიელ ნაკაიძის, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილის, რამაზ ნიკოლაიშვილის, კახაბერ ოქრიაშვილის, სალომე სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, გუბაზ სანიკიძის, სულხან სიბაშვილის, ზაალ უდუმაშვილის, დავით უსუფაშვილის, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, თამარ ჩარკვიანის, ცეზარ ჩოჩელის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, ანა წითლიძის, დევი ჭანკოტაძის, ლევან ხაბეიშვილის, დილარ ხაბულიანის, მამუკა ხაზარაძის, დავით ხაჯიშვილის, ეკატერინე ხერხეულიძის, იაგო ხვიჩიას, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.