„თუ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი მომავალში შემოიტანენ
განცხადებებს მოთხოვნით, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს მათ ამ წინადადებას“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დღეს მხარს არ დაუჭერს.
„პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა „ფრაქცია ქართული ოცნება“ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება ჩვენს სამ კოლეგას, ზურა ჯაფარიძეს, რომელსაც შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელი, ელენე ხოშტარიას, რომელსაც ასევე შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და თან განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ ის არ შემოდის პარლამენტში, ასეთივე განცხადება აქვს გაკეთებული ბატონ შალვა ნათელაშვილს, ამ სამ კოლეგასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გვექნება დღეს, მაგრამ ეს ადამიანები თუ მომავალში შემოიტანენ განცხადებებს მოთხოვნით, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება, საპარლამენტო უმრავლესობა , ფრაქცია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს მათ ამ თხოვნას და წინადადებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.