საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია საჯელაღსრულების
სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ბოლო ორი წელია ითხოვს, რომელიც პენიტენციური სისტემის სრულ მონიტორინგს განახორციელებდა.
მისი თქმით, მონიტორინგის ჯგუფი უფლებადამცველებისგან შემდგარი კომისია იქნებოდა და მხოლოდ იმ ადამიანებით დაკომპლექტდებოდა, რომელთაც პატიმართა დაცვის კუთხით გამოცდილება აქვთ.
„თავისთავად, იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი მიხეილ სააკაშვილმა, ამ ძალადობრივი სისტემის მთავარმა დამნაშავემ და მთავარმა შემქმნელმა უნდა დააკომპლექტოს აღნიშნული კომისია, ბუნებრივია ეს თავიდანვე ფიქცია იქნება“ - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, კომისიაში შესვლის შესაძლებლობა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ.
„ამ მიმართულებით, ნებისმიერ ფორმატში ისედაც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და რასაკვირველია, ყველამ პასუხი აგოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი ეს ინიციატივა პირდაპირაა დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის თანხმობასთან, ეს თავშივე უბრალო ფორმალობა იქმნება“ - აღნიშნა ბესელიამ.
სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა.
მისი თქმით, 10 დღეში ეფექტური, საგამოძიებო, დამოუკიდებელი ჯგუფი დაკომპლექტდება, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები, ასევე, სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია მსგავსი საქმეების წარმოებასთან და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

















