პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის თანათავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარეს ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს, ასევე, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლუდმილა მარჩენკოს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ივან კრულკოს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ასევე, ასოცირებულ პარტნიორებს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) შორის სამმხრივი ფორმატების გააქტიურებაზე.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევა სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და ამ მიმართულებით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატების აქტიური გამოყენება ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.
მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის გეგმები 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ სამიტთან მიმართებაში.