დღეს კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს... რაც შეეხება მიმდინარე
მოვლენებს ამ დღეების განმავლობაში, ეს ყველაფერი შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ის რაც მოხდა 5 ივლისს, ყველასათვის მძიმეა... იყო ძალადობის არაერთი შემთხვევა, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რაც არ მომხდარა არასდროს ასეთი ტიპის შეკრებების დროს. ჩვენ გვახსოვს მძიმე ძალადობა ჟურნალისტებზე, წინა ხელისუფლების პირობებში. მაგალითად „იმედის“ დარბევის დროს, სხვა შემთხვევებში, მაგრამ რაც შეეხება ასეთი ტიპის ძალადობას, როდესაც შეკრების მონაწილეები ძალადობენ ჟურნალისტებზე, ასეთი რამ არ ყოფილა და არ მომხდარა საქართველოში. ამის გამოც იყო ძნელად პროგნოზირებადი პოლიციისთვის ამ შემთხვევაში ასეთი ქმედებები და შესაბამისად რეაგირება ასეთ ფაქტებზე გართულდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ გამოძიებული და შესწავლილი იყოს ყველაფერი რაც უკავშირდებოდა ამ ძალადობას. „სადაც იყო ძალადობა, იქ უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მთლიანობაში მე გუშინ გადავამოწმე სტატისტიკა და 100-ზე მეტი ადამიანია უკვე ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ხდება საქმეების შესწავლა, გამოძიება და ამის შესაბამისად ბუნებრივია დადგება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ასევე პარლამენტში შს მინისტრის მისვლის საკითხზეც ილაპარაკა. „შინაგან საქმეთა მინისტრი მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, პარლამენტს , იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა მოვლენები, როგორ იყო მობილიზებული შს სამინისტრო, რამ გაართულა რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას და ყველას ექნება კითხვების დასმის საშუალება და ბუნებრივია ყველა მიიღებს პასუხებს დასმულ კითხვებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მთლიანი პასუხისმგებლობაც სწორედ ესაა. „ბუნებრივია თუ ვინმე ეცდება საბოტაჟს, ჩვენ ამის საშუალებას ვერ მივცემთ, მით უმეტეს ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან დესტრუქციით, რასაც სჭირდება სათანადო პასუხი. თუ ისინი ეცდებიან დესტრუქციას, ჩვენ არავის მივცემთ სხდომის ჩაშლის საშუალებას და არც სხვანაირი დესტრუქციული ზრახვების განხორციელების საშუალებას. ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მორალის ზღვარი, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთეს მათი ქმედებებით. თუნდაც დღევანდელი ეთერით, რაც ჩვენ ვიხილეთ „ტვ.პირველში“, ეს იყო ამორალური და დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე განიხილავს და აფასებს ამ ტელევიზიის დღევანდელ ეთერს. ასევე ამორალურია, რომ დილიდანვე, როცა გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, ნოდარ მელაძემ ზუსტად იცოდა რაშიც იყო საქმე და ამის მიუხედავად მან გადაწყვიტა, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე ეცადა პოლიტიკური ქულების დაწერა და არეულობის მოწყობა. ეს ამორალური ქმედებაა და ბუნებრივია ეს აჩვენებს ამ ადამიანების აბსოლუტურად ამორალურ სახეს“, - განაცხადა კობახიძემ.